დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ასარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ
იხილეთ განცხადება
ინსტიტუტი დაარსდა 1929 წლის 1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის ინიციატივით და მის სახელს ატარებს.ინსტიტუტის მისიას წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკის განვითარებისათვის ქიმიური მეცნიერების მობილიზაცია, ქვეყნის ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების შესაძლებლობების კვლევა–ძიება, ახალი მასალების მიღების ინოვაციური ტექნოლოგიების შემუშავება, ეკონომიკის სხვადასხვა დარგებსა და გარემოს დაცვის საქმეში მათი გამოყენების შესაძლებლობების დადგენა. ამ მიზნების მისაღწევად ინსტიტუტში მიმდინარეობს კვლევები ფიზიკური და ორგანული ქიმიის, აგრეთვე მაკრომოლეკულური ნაერთების ქიმიის, გარემოს ქიმიის, ნავთობის ქიმიისა და აგრო ქიმიის დარგებში.
გამოკვლევები მოიცავს ისეთი ფიზიკურ-ქიმიური პროცესების შესწავლას, როგორიცაა რთული ნარევების ქრომატოგრაფიული დაყოფა, მიკროფოროვან კრისტალურ სხეულებში ადსორბცია, დიფუზია და კატალიზი, ალუმინსილიკატურ და სხვა სახის გელებში ფაზური გარდაქმნები და კრისტალიზაცია, პოლიმერიზაცია. მიღებული შედეგების საფუძველზე მუშავდება ახალი მასალების (ადსორბენტები, იონმიმომცვლელები, კატალიზატორები, ულტრადისპერსული კრისტალური ფხვნილები, საშენ მასალათა დანამატები და სარესტავრაციო მასალები, ორგანომინერალური სასუქები, ეკოლოგიურად უსაფრთხო პროლონგირებული მოქმედების სუბსტრატები, პოლიმერული კომპოზიტები, ნანო დანაფარებით პლაკირებული მასალები და სხვ.) მიღების ტექნოლოგიები და მათი რაციონალური გამოყენების გზები სოფლის მეურნეობაში, გარემოს დაცვის საქმეში,მშენებლობასა და ნანოტექნოლოგიებში.
სოფლის მეურნეობისათვის აგრეთვე გათვალისწინებულია ახალი ტიპის პროლონგირებული ქმედების კომპოზიციური და პოლიმერული სასუქები, მიკროელემენტების შემცველი სასუქები, პრემიქსები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები, რკინისა და სილიციუმის შემცველი სამკურნალო–პროფილაქტიკური ვეტერინარული საშუალებები; გადამამუშავებელი მრეწველობისათვის – ნარჩენების მცენარეული მატრიცებიდან ზეთების, ეთერზეთების, პიგმენტებისა და ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების სუპერკრიტიკული ფლუიდებით და ულტრაბგერით საფეხურებრივი ექსტრაჰირების მეთოდების შემუშავება.
ნავთობის ქიმიის მიმართულებით მიმდინარეობს საქართველოს ენერგეტიკული დანიშნულების წიაღისეულის (ნავთობი და ბუნებრივი ბიტუმები) შესწავლა, პასპორტიზაცია და რანჟირება ადგილობრივ მრეწველობაში გამოყენების თვალსაზრისით, ზოგიერთი სასაქონლო ნავთობ პროდუქტის მიღების ტექნოლოგიების შემუშავება და ბიოდიზელის მიღების ტექნოლოგიების გაუმჯობესება.